დღესდღეობით, ტექნოლოგიური ინოვაციების ეპოქაში, საგრძნობლად შეინიშნება მოსწავლე-ახალგაზრდობის გულგრილი დამოკიდებულება წიგნების მიმართ, რაც უარყოფითად აისახება მათი წერისა და მეტყველების კულტურაზე. სიტყვიერების მასწავლებელთა ერთ-ერთი ფუნქცია კი ისიცაა, რომ წიგნს დაუბრუნოს მოსწავლეები, შეაგრძნობინოს მშობლიური სიტყვის ძალა, აზიაროს მის მადლს. საამისოდ 12-13 წლის გოგო-ბიჭებისათვის გიორგი ლეონიძის ,,ნატვრის ხე" ფასდაუდებელი წიგნია.
,,მარიტას" შესწავლამ დიდი ინტერესი აღძრა მერვეკლასელებში და გაჩნდა იდეა, ყველა მოთხრობის წაკითხვა - გააზრებისა,ბატონი გოგლას ,,ბედაური", ,,მაძღარი", ,,მუხლადი" სიტყვების დაგემოვნებისა. მას შემდეგ, რაც მოსწავლეებმა წაიკითხეს ,,ნატვრის ხე", თითოეულმა გამოარჩია მისთვის უფრო საინტერესო მოთხრობა და დღეს, 19 აპრილს, სკოლის ბიბლიოთეკაში ჩავატარეთ გაკვეთილი (პროექტის ფარგლებში ,,წიგნის დღე").მოსწავლეებმა შთაბეჭდილებები წაკითხულის შესახებ წერილობით გადმოსცეს ერთმანეთს წაუკითხეს ნამუშევრები,გაუზიარეს შთაბეჭდილებები და მოსაზრებები წაკითხულის შესახებ. ამ მოთხრობების მაგალითზე გაიაზრეს ბავშვებმა, რომ პოეტები, მართლაც, მხოლოდ რითმებით მოლაპარაკენი არ არიან და პოეტია ყველა, ვისაც ცხოვრების ყოველდღიურ ერთფეროვნებაში მშვენიერების აღმოჩენა შეუძლია.
ერთი სიტყვით, მთლიანად გადაავლეს თვალი ლეონიძის გმირების მრავალფეროვან სახეებსა და მისწრაფებებს, მიხვდნენ, რომ, მართლაც,ადამიანები სხვადასხვაგვარნი არიან. ერთნი ხორცს იმჭლევებენ და სულს ილაღებენ, მეორენი - პირიქით; იმისდა მიხედვით, ვის რა ინტერესები ამოძრავებს ცხოვრებაში, ზოგი ზეკაცს ემსაგავსება, ზოგიც - კაცუნას (თენგიზ აბულაძის ჩანაწერებიდან ,,ნატვრის ხეზე" მუშაობისას).
განსაკუთრებული ინტერესი კი ლეონიძის ლექსიკურმა მრავალფეროვნებამ გამოიწვია. ჩემი მოსწავლეები ინტერესით კითხულობდნენ ფუფალა ,,საწყევარ" სიტყვებს,დეიდა მაიკოს საალერო ფრაზებს,ღვინჯუას საოცარ სადღეგრძელოებს...
ვფიქრობ, ასეთი ღონისძიებები მომავალი თაობისთვის დიდი საზრდო - ,,საუკუნო საგზალი" და ქართული სიტყვის დაგემოვნების უებარი საშუალებაა.